ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე 2 ოქტომბრის არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილთნ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
"ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო გარემოს ჩრდილი მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რომელიც დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლასა და არათანაბარ პირობებს შეეხებოდა.
ჩვენ ვიზიარებთ ODIHR- ის შეშფოთებას პოლარიზებული მედიალანდშაფტის, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსის, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, ქალების არასათანადო წარმომადგენლობის, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.
რესურსების დისბალანსის გარდა, რომელიც მმართველი პარიის სასარგებლოდ იყო მიმართული, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პოლიტიკური ველის პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც.
ვეთანხმებით შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ეს და სხვა განმეორებადი დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალი სტანდარტს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.
მოველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეშფოთებულები ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მუქარით, რომელიც ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალის წარდგენას ეხება, თუ ის კარგად არ "მოიქცევა". ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ ძალუძს, გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.
ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადების გაკეთება, მის დაუყოვნებლივ გადადგომას გამოიწვევდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და "ვარდების რევოლუციის" მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია.
დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. "ქართული ოცნება" ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, დაიწყონ ხიდების შენება ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის პროცესის უზრუნველსაყოფად, დაუბრუნდნენ პრო-ევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირდნენ ქვეყნის განვითარების ესოდენ საჭირო პროგრესის მიღწევაზე, რაც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ქარს არ გაატანოს უკვე მიღწეული შედეგები. ერთ მხრივ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა გავაგრძელოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი, თანმიმდევრული ძალისხმევით და ყველა პრო-ევროპული პოლიტიკური ძალის მუშაობით იქნება შესაძლებელი, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის ძლიერი სურვილის ასრულებისაკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", - აღნიშნულია განცხადებაში.