არჩევნები კატასტროფულად გაყალბდა და წესით არავინ უნდა მივდიოდეთ მეორე ტურზე, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის.
"ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, ყველამ ვიცით, რომ ოცნებამ არჩევნები კატასტროფულად გააყალბა, კარგად ივარჯიშა 2016 წელს ჩემს პარტიაზე, მერე 2020 წელს ყველა დანარჩენ პარტიაზე და ახლა უკვე კარგად ნავარჯიშევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოგვევლინა.
განცხადებები, ეუთოს დასკვნა, უცხოელების ნათქვამი, ის ოქმები, ის გადაცემები, რასაც თქვენ ყველანი, ჟურნალისტები აჩვენებდით საზოგადოებას. ეს ხომ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ჩვენ რომ ეს არ დაგვეშვა, ამისთვის გვჭირდებოდა ერთადერთი რამ - ოპოზიციური ერთობა, მათ შორის თბილისსა და დიდ ქალაქებში საერთო კანდიდატები. ეს სამწუხაროდ არ მოხდა. ახლა მაინც აუცილებელია, რომ დაფიქსირდეს ის, რომ არჩევნები არის გაყალბებული და წესით არავინ არ უნდა მივდიოდეთ მეორე ტურზე, მაგრამ ვინაიდან ასეთი მყიფეა სიტუაცია ქვეყანაში, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იყოს კვლავ დაპირისპირების პიკი, მაინც სცადოს არჩევნების გზით გონს მოვიყვანოთ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის პროცენტები, რაც დაიწერა ქართულმა ოცნებამ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.