დღეს, 13 ნოემბერს, დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე, გაიმართება ავტომფლობელთა საპროტესტო აქცია. ისინი ავტომანქანების მინების დამუქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ.
შს მინისტრის 29 ოქტომბრის 917-ე ბრძანებით, ავტომანქანის მინების დამუქებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, 9 ნოემბერს მინისტრის ბრძანება შეიცვალა და შეზღუდვები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: კერძოდ, ავტომანქანის წინა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ავტომობილების მფლობელებს პრობლემას შეუქმნის.