რუსული ენერგოკომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანიის Nord Stream 2 AG-ის განცხადებით, დაიწყო "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენის ბუნებრივი აირით შევსების პროცესი.
კომპანიის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან დაიწყო მილსადენის პირველი ხაზის ბუნებრივი აირით თანდათანობით შევსება, რათა მოხდეს შემდგომი ტექნიკური ტესტირებისათვის საჭირო მოცულობისა და წნევის მიღწევა.
მათივე ცნობით, მილსადენის მეორე ხაზთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საჭიროა რამდენიმე მოთხოვნის შესრულება, რათა დაიწყო ბუნებრივი აირით მისი შევსებაც.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგისტრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია.
მილსადენი, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
ბოლო თვეების განმავლობაში, მილსადენის საკითხი მწვავე უთანხმოების საგანი იყო გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან ვაშინგტონი თვლიდა, იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბერლინმა და ვაშინგტონმა მილსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მილსადენის პროექტისთვის სანქციების დაწესებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა მისი დასრულება და შემდგომ ექსპლოატაციაში შესვლა.