ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ბრიფინგი გამართა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ "ერთხელ და სამუდამოდ დასაჯონ მიხეილ სააკაშვილი".
მისი განცხადებით, სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ აუცილებლად ციხეში უნდა იყოს.
"ყველას კარგად ახსოვს, 19 წლის უდანაშაულო ბავშვი როგორ მომიკლეს. ძალიან მიკვირს, განცვიფრებული ვარ, რომ მეორე ტური დაგვჭირდა. სააკაშვილი თავის საქციელებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო სააკშვილის ბრძანებით, ეს იყო დანერგილი, რომ შიშით შეეპყროთ მთელი საქართველო და რასაც ეტყოდნენ, ის შეესრულებინათ. ჩემს შვილზეც ასე მოიქცნენ, ხმა რომ არავის გაეღო, ბანდიტად გამომიცხადეს შვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. ექვსი წელი არ ვიცი, რა არის, მას იმდენი დანაშაული აქვს. ჩვეულებრივ ციხეში უნდა იყოს, ისეთში კი არა, თვითონ რომ ქონდათ და აწამებდნენ ხალხს, მაგრამ არავითარ ფუფუნებაში, ის არის ყველაფრის ღირსი", - თქვა მეტრეველმა.
ამასთან, მეტრეველმა ძალოვან სტრუქტურებს და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა, რადგან მათ შეძლეს და ქვეყანას სერიოზული პროვოკაცია ააცილეს თავიდან.
როგორც მეტრეველი აცხადებს, სააკაშვილი უნდა დაისაჯოს და არ მოხდეს მისი ციხიდან გამოშვება.
"ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს კაცი დასაჯონ ისე, რომ მას ბოროტების კეთება აღარ შეეძლოს; ასევე, მისი თანამზრახველები. რომ შემოვიდა რამდენიმე დღით, ხელისუფლებამ იცოდა და თვალყურს ადევნებდა. არავითარი უკრაინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს და არ დავუშვათ მის გარეთ გამოშვება", - განაცხადა მეტრეველმა.