"ქართული ოცნება" ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მთლიანობაში, "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი.
დღეს შევაჯამეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით და გვსურს გაგაცნოთ აღნიშნული მონაცემები.
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:
მთლიანობაში, "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68 პროცენტამდეც გაიზრდება.
ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოებში მიიღო მანდატების 25 პროცენტი, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად - მანდატების 9 პროცენტი. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ქართული ოცნება" ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ქართული ოცნების" შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 44 მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები.
როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც.
ქართველი ამომრჩევლის 47 პროცენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება და შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში.
ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი.
30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ.
ნაციონალური მოძრაობა მოშლილია მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ", - განაცხადა კობახიძემ.