"ნაციონალური მოძრაობა" და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის, ვერ დააფიქსირა ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებასა და არეულობის შეტანას.
"მინდა, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. "ნაციონალური მოძრაობა" და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლაში.
მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დააინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენსთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ "ქართული ოცნების" ძალისხმევით შეიქმნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატეები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.
"რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მათი ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.