პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კომისიის მხრიდან ხმების დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ჩვენს პარტიას, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ კვალიფიციური პარტია, არ გვყავს კომისიის წევრები - გვყავს მხოლოდ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების შესაბამისად - ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ხმების დათვლის პროცესი სრულად გამჭვირვალედ და კონკრეტულად აღბეჭდოს კამერაზე. ამ დადგენილებაში წერია, რომ ბიულეტენის წინა მხარე უნდა იყოს დაფიქსირებული კამერის წინ - მკაფიოდ უნდა ჩანდეს ვისთვის არის მიცემულ ხმა. ეს არის მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც ჩვენ ვაპირებთ. “- ამბობს გიორგი გახარია.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ კანონით და საკუთარი დადგენილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.
"ამ საკითხზე ჩვენი პარტიის წევრებმა რამდენიმე დღის წინაც ჩაატარეს ბრიფინგი. რაიმე გარკვეული პასუხი საარჩევნო კომისიისგან ვერ მივიღეთ - მივიღეთ პასუხი, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც კანონითაა განსაზღვრული, სრულად იქნება შესრულებული. ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც და ეს არის ჩვენთვის ძირითადი მექანიზმი, რომლითაც ვაპირებთ იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება - სრულად გადავთვალოთ ხმები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დეტალურად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია კანონით და რომელიც განსაზღვრულია მათივე განკარგულებებით და დადგენილებებით", - მიმართავს გიორგი გახარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.