საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ წელს, ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი.
"მოგეხსენებათ, ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.
როგორც წესი, ისინი არ ესწრებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად მობილიზაციის თვალსაზრისით," - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ კუთხით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
"ჯერ კიდევ აპრილის თვეში, როდესაც არცკი იყო გამოცხადებული თარიღი, მოვიწვიეთ ყველა სადამკვირვებლო მისია, მათ შორის მთავარი - ეუთო/ოდირის მისია. 400-მდე დამკვირვებელია როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ამ მისიის ფარგლებში. ასევე, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც არიან ჩამოსული, ევროპარლამენტარებიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საერთაშორისო მონიტორინგის თვალსაზრისით უპრეცენდენტო არის ადგილობრივი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, შეფასებაც ექნება პოზიტიური, ისევე როგორც "ქართული ოცნების" მიერ ბოლო ექვსი ჩატარებული არჩევნების დროს, როდესაც ყველა არჩევნები შეფასდა, როგორც ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც მშვიდობიანად ჩაივლის და საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დააკვირდნენ და ობიექტურად შეაფასონ ეს არჩევნები", – განაცხადა ზალკალიანმა.