"დღეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის"- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე დღეს მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.
„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, თითოეული საქართველოს მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს დღეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე იმიტომ, რომ არავინ არ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო განსაკუთრებით ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს ქვეყანაში და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანით ჩვენ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.
გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად ელოდება, რომ მეორე ტურში თავად გავა, ასე უპასუხა: „მე ყველგან ვიქნები“.
„ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია. ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. გულწრფელად მჯერა, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ. მეორე ტურში იქნება ეს, პირველ ტურში იქნება, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია წინსვლა"- განაცხადა გიორგი გახარიამ.