"გარემოვაჭრეთა ლიგის" წევრები საკრებულოს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას სთოხვენ, რომელიც გარვაჭრობის წესის დადგენას და დაკანონებას ითვალისწინებს. ამ მოთხოვნით საკრებულოს შენობის წინ, "ეროვნული საბჭოს" ორგანიზებით გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია-ბრიფინგი გაიმართა.
"ეროვნული საბჭოს" წევრის ალეკო შალამბერიძის განმარტებით, მათ დედაქალაქის საკრებულოში შეიტანეს სამართლებრივი პროექტი, თბილისში გარევაჭრობის წესის დაკანონებასთან დაკავშირებით, რომელსაც შალამბერიძის მტკიცებით, თან 3500 ადამიანის ხელმოწერა ერთვოდა. თუმცა "ეროვნული საბჭოს" წევრი განმარტავს, რომ საკრებულომ აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ განიხილა.
"ამის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებმა, კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა ეს საკითხი თავისი ინიცირებით შეიტანეს. დღევანდელი აქცია ეხება იმას, რომ დოკუმენტმა კომისია გაიაროს, გავიდეს ბიუროზე და შემდეგ - საკრებულოს სხდომაზე. გვინდა, რომ ეს საკითხი თბილისში, მოწესრიგდეს და დაკანონდეს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის საშუალება", - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მოვაჭრეები მათთვის გამოყოფილ სასურსათო ბაზრებში დასაქმდნენ.
"ეს არის ტყუილი. ისინი არ არიან დასაქმებულები. ადგილები თბილისში, რომლებსაც სავაჭროდ გამოყოფს მერია, ესენია: უგულავას და სხვა მაღალჩინოსნების ჯიხურები, სადაც იყიდება შაურმა, ლოტო და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ბიზნესში, გარევაჭრობაში ჩართული იყოს არა ხელისუფლება, არამედ თბილისის მოსახლეობა", - განაცხადა შალამბერიძემ.
"გარემოვაჭრეთა ლიგის" ხელმძღვანელის ლალი კბილაშვილის ინფორმაციით, მერიის მიერ ახლადგახსნილ სასურსათო ბაზრებში დაახლოებით 200 გარემოვაჭრე დასაქმდა. დანარჩენი რამდენიმე ათასი გარემოვაჭრე კი, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისსივე ინფორმაციით, ბაზრებში დასაქმებული გარემოვაჭრეებიც აპირებენ საპროტესტო აქციებში ჩართვას, "რადგან კლიენტურის სიმცირის გამო ოჯახის სარჩენი ფული არ რჩებათ".
"ნაწილმა საქართველო დატოვა და თურქეთში და საბერძნეთში წავიდა სამსახურის საძიებლად. ამჟამად ჩვენს ლიგაში გაწევრიანებულია 1000-დე ადამიანი, სულ კი უმუშევრად 2000 გარემოვაჭრეა დარჩენილი", - განაცხადა "გარემოვაჭრეთა ლიგის" თავმჯდომარე ლალი კბილაშვილმა.