არც კი დაგვიშვია იმის ალბათობა, რომ მოგვეთხოვა ტელევიზიის [ფორმულა] წილის დაყადაღება - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომლითაც ის ეხმიანება ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულას" ანგარიშების შესაძლო დაყადაღების თაობაზე.
თავდაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს, აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
"თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ტელეკომპანია "ფორმულა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.