არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ კარლო ნიკოლეიშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ განაცხადეს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე „უფლებები საქართველო“ აქტიურად ჩაერთო პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევაში. 2021 წლის აგვისტოს თვიდან კი ორგანიზაცია მოსახლეობას ეხმარება ვაქცინაციის რეგისტრაციაზე და აკვირდება ვაქცინაციის პროცესს.
"უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებლის მკვეთრად დაცემა საგანგაშოა, რადგან ამ პირობებში ქვეყანაში კიდევ დიდხანს ვერ მიიღწევა მოსახლეობის იმუნიტეტის ის დონე, რაც პანდემიის დამარცხებისათვის არის საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივმა და კერძო ორგანიზაციებმა გაატარონ ყველა ქმედითი ზომა, რათა ვაქცინაციის პროცესი იქცეს საყოველთაო.
ამ ყველაფრის ფონზე „უფლებები საქართველომ“ გადაწყვიტა შეესწავლა დასაშვებია თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დაცვის პერსპექტივიდან.
"უფლებები საქართველოს“ განცხადებით, ვაქცინაციაზე უარის თქმისას, ადამიანები ხშირად მიუთითებენ არა მხოლოდ ყალბ სამედიცინო ინფორმაციაზე, არამედ მცდარ სამართლებრივ არგუმენტაციაზეც, თითქოს ვაქცინაციის სავალდებულოობით ირღვევა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, "უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ კოვიდპანდემიის პირობებში გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს არ არღვევს.
ამას მოწმობს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ მიუთითა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არის ხელისუფლების პასუხი მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებაზე, დაიცვას ინდივიდის და საზოგადოების ჯანმრთელობა. როცა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პოლიტიკა საკმარისი არ არის მოსახლეობის იმუნიტეტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, გონივრულია სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება, რათა მძიმე დაავადებების წინაღმდეგ დაცვის სათანადო დონე იყოს მიღწეული. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებებს ასევე არ არღვევს საინფორმაციო კამპანია ნებაყოფლობითი ვაქცინაციის შესახებ.
მნიშვნელოვანია საკითხია რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ იმ პირთა განაცხადებს, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობიან.
„იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სასამართლოს ყივანახველას, დიფთერიის, პოლიომიელიტის და სხვა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ დაუდგენია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, სრულიად თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, სასამართლოს პოზიცია უცვლელი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სიცოცხლე შეიწირა“, - აღნიშნავს ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი.
"უფლებები საქართველოს“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროსასამართლო კვლავაც ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე, განსაკუთრებით, იმ პირებისა, რომლებიც ასაკის თუ სხვა გარემოებების გამო მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას მოეთხოვება, საზოგადოებრივი სოლიდარობიდან გამომდინარე, გასწიოს მინიმალური რისკი აცრის სახით. თუ საზოგადოებრივი სოლიდარობა არ
იმოქმედებს, სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციას.
"უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს ვაქცინაცია გახადონ სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხად და ხელი შეუწყონ დასაქმებულების ვაქცინაციის პროცესს.
"უფლებები საქართველო“ ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს განსაკუთრებით ისეთი პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ყოველდღიურად აქტიური შეხება აქვთ ფართო საზოგადოებასთან და მოწყვლად ჯგუფებთან.