სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარ კრამონის განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში უცილობლად შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შუამავლობის რესურსი და სურვილი ევროკავშირს არ აქვს.
"საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.
„მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც. ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას", – აცხადებს კრამონი.