მიხეილ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე - ექვსი წელი.
"გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის მოსახლეობის თუ პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.