ერთ ფაქტს შევახსენებ მოსახლეობას, ეს ვიცი დარწმუნებით, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში ჩასვეს ციხეში, მან 24 საათი ვერ გაძლო საკანში. ჩემი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები მიყვებოდნენ, რომ შეეშინდათ არ გაგიჟებულიყო, რადგან ვერ გაძლო 24 საათიც კი საკანში და იმავე დღეს მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს შეწყალების თხოვნით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არჩევნები 2021" განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში.
"მე ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში ჩასმით. ერთ ფაქტს შევახსენებ მოსახლეობას, ეს ვიცი დარწმუნებით, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში ჩასვეს ციხეში, მან 24 საათი ვერ გაძლო საკანში. ჩემი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები მიყვებოდნენ, რომ შეეშინდათ არ გაგიჟებულიყო, რადგან ვერ გაძლო 24 საათიც კი საკანში და იმავე დღეს მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს შეწყალების თხოვნით. ასეთ კაცთან გვაქვს ჩვენ საქმე. შეგახსენებთ მის სიმხდალეს ომის დროს. ზოგადად ასეთი ფსიქიკის ადამიანის ქცევაზე, ჩვენ დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ნებისმიერი სცენარი, რომელიც შესაძლოა მის და მისივე კრიმინალური გუნდის თავში მოიხარშოს, ყველა სცენარისთვის სახელმწიფო არის მზად. ვის სჯერა დღეს ამ არასერიოზული კაცის. პიკის დროს, როდესაც არის კრიზისი, მაქსიმუმ 5 000 კაცის გამოყვანა შეუძლიათ. ვერცერთი ადამიანი კანონის აღსრულებას წინ ვერ აღუდგება. ვინც შეეწინააღმდეგება კანონის აღსრულებას, უკლებლივ ყველა, კანონისა და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, შევა ციხეში და თანაც დიდი ხნით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.