საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. იტყობინება ორბელიანების სასახლე.
სასახლის ინფორმაციით, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
"ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით 26 სექტემბრიდან იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტმა პარიზში დააჯილდოვა ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შორის, მან ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.