ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით მას ინვესტორთან ჰქონდა საუბარი.
„ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ადგილზე იყო, მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურად გაეგრძელებინათ სამუშაოები. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და დანარჩენს უახლოეს 1 თვეში გავარკვევთ.
პრეზიდენტ ერდოღანთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით. მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ ველოდებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.