"ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ პარტნიორებს", - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების ამბიცია არის, რომ სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს ქაოსი, რყევები და დესტაბილიზიაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.
"საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე ჩაატარა საარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი გამონაკლისი იყო, სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და დმანისის მოვლენები. მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი, ჩვენ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად. მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.