"თალიბანმა" ჰერათის პროვინციაში ოთხი ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯა. ექსტრემისტული დაჯგუფება მათ ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებდა.
ოთხი მამაკაცი უამრავი ადამიანის თვალწინ ჩამოახრჩვეს. თალიბებმა სახრჩობელად ამწე გამოიყენეს.
"თალიბანის" წარმომადგენლებს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ დაჯგუფების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოლა ნურდინ ტურაბიმ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთი დანაშაულისთვის სახალხოდ სიკვდილის დასჯის დაბრუნებას აპირებდნენ. მისი აზრით, მსგავს მეთოდს "შემაკავებელი ეფექტი" გააჩნია.
საჯაროდ დასჯა - კიდურების მოკვეთა ან ჩამოხრჩობა ავღანეთში ფართოდ იყო გავრცელებული 1996-2001 წლებში, როდესაც თალიბებმა ძალაუფლება ხელში პირველად ჩაიგდეს.