ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთში სასჯელის სახით, სიკვდილით დასჯისა და ხელების ამპუტაციის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ Associated Press-თან ინტერვიუში მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, მოლა ნორუდინ ტურაბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სასჯელების განხორციელება შესაძლოა საჯაროდ აღარ მოხდეს, როგორც ეს უწინ ხდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დროებითი მთავრობის კაბინეტი იმსჯელებს.
"ყველა გვაკრიტიკებდა სასჯელის საჯაროდ აღსრულების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათ კანონებსა და სასჯელებზე. ვერავინ გვიკარნახებს თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონები. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონებს ყურანის შესაბამისად შევიმუშავებთ", - თქვა ტურაბმა.
ტურაბის განცხადებით, სასჯელის მკაცრი ზომების განხორციელებას შემაკავებელი ეფექტი ექნება.
თალიბანის პირველი რეჟიმის დროს, სიკვდილით დასჯა, დახვრეტა, ხელების ამპუტაცია, ქვებით ჩაქოლვა საჯაროდ ხდებოდა. იმ დროს, 1996-2001 წლებში, მოლა ნორუდინ ტურაბი იუსტიციის მინისტრი იყო და მორალური პოლიციის ლიდერის უფლებამოსილებას ითავსებდა.
შეერთებულმა შტატებმა თალიბანის გეგმები ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ამპუტაციის აღდგენის შესახებ, მკაცრად დაგმო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, თალიბანის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. მისივე თქმით, დასავლეთის მიერ თალიბანის დროებით მთავრობის აღიარება დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე.