საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის შეასრულებს თავის პირობას, მაგრამ ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს უშველის.
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, აუცილებლად მივიდნენ თვითმართველობის არჩევნებზე.
მისივე თქმით, ეს მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო, რომელიც დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ჩვენ, ყველანი უნდა მივიდეთ.
"რთული კონსტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს მოუტანს გამარჯვებას. ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო. საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მე ვიბრძოლებ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ არაფერი გავითვალისწინო, გარდა იმისა, რაც არის სწორი საქართველოსთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.