საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76 -ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
პრემიერ მინისტრი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამხვილებს ყურადღებას, რომელიც უსაფრთხოებას და პანდემიას უკავშირდება.
საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა.
„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას. რა თქმა უნდა, ის შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს კონსოლიდაცია. ის შეეხება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს. დეოკუპაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს ამ გამოსვლაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება რეგიონზე და იმ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში, რადგან წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ორმხრივი შეხვედრები სწორედ ამ ფუნქციის კიდევ უფრო წარმოჩენას და გამოკვეთას ემსახურებოდა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა