"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" პარტია "ლელოს" ბრალდებებს განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია "ლელოს" მიერ მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ბანერების ნაცვლად, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პლაკატები განთავსდა.
თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მიერ, შპს "ალმასთან", საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" "ალმასგან" ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს "ალმა" გახლავთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩამოხსნა ერთადერთი ბანერი, სადაც იყო ინფორმაცია, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი და სანაცვლოდ, კახა კალაძის ბანერი გააკრა.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.