საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავას საქმეებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში მეგის ქარდავას მიმართ 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, ხოლო 6 საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უწყების ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.
წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით".
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის.