მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, ამიერიდან Doing Business-ის ყოველწლიური რეიტინგები აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მსოფლიოს უდიდესი საფინანსო ინსიტუტის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება წინა ანგარიშებში აღმოჩენილ გარკვეულ უზუსტობებს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია Doing Business-2018 და Doing Business-2020 ანგარიშებზე, რომელიც 2017 და 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.
"ბიზნესის კეთების შესახებ დღეს არსებული ყველა ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, მათ შორის წარსული მიმოხილვების, დასკვნების, აუდიტებისა და ანგარიშის, რომელიც მსოფლიო ბანკმა დღეს წარმოადგინა დირექტორთა საბჭოს სახელით, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება", - ნათქვამია განცხადებაში.
"მომავალში, ჩვენ ვიმუშავებთ ახალ მიდგომაზე ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად", - დასძენენ მსოფლიო ბანკის მესვეურები გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ამერიკული იურიდიული კომპანია WilmerHale-ს დასკვნით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობა აიძულებდა თანამშრომლებს 13 პოზიციით შეეცვალათ ჩინეთის ადგილი რეიტინგში.
კრისტალინა გეორგიევა, მსოფლიო ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ამჟამინდელი მმართველი დირექტორი, უარყოფს ბრალდებებს, რომ იგი ახორციელებდა ზეწოლას ყოფილ თანამშრომლებზე.
მონაცემებში გამოვლენილი უზუსტობების გამო, მსოფლიო ბანკმა რეიტინგების გამოქვეყნება დროებით 2020 წლის აგვისტოს ბოლოს შეაჩერა და ვითარების შესაფასებლად დამოუკიდებელი აუდიტი მოიწვია.
Doing Business-ის რეიტინგი ცალკეული ქვეყნების მიხედვით ბიზნესის განვითარების ანგარიშს ასახავს. ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგში (2019 წელს), საქართველო 83.7 ქულით 100 შესაძლო ქულიდან, მე-7 ადგილზე გავიდა.