ევროკავშირმა, აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ახალი უსაფრთხოების პაქტის (AUKUS) კვალდაკვალ, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საკუთარი ახალი სტრატეგია წარადგინა.
ახალი სტრატეგია მიმართული იქნება რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენების შეკავებისკენ.
როგორც ევროკავშირის მესვეურები იუწყებიან, ბლოკი კიდევ უფრო მეტ ხომალდს განალაგებს რეგიონში, რათა თავისუფალ საზღვაო მიმოსვლას შეუწყოს ხელი.
ამასთან, ახალი სტრატეგია ტაივანთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ითვალისწინებს, რაც მოსალოდნელია, რომ პეკინის გაღიზიანებას გამოიწვევს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ სტრატეგია ღიაა ჩინეთისთვისაც, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მაგრამ როგორც დიპლომატიური წყაროები იტყობინებიან, პეკინს ამ სტრატეგიის ფორმატში არავინ მიესალმება, რადგან ინდოეთთან, იაპონიასთან, ავსტრალიასა და ტაივანთან კავშირების განვითარება სწორედ ჩინეთის გავლენების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ჟოზეპ ბორელი ასევე შეეხო შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უსაფრთხოების პაქტის გაფორმებას. ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, ეს პაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბლოკს უფრო გადამწყვეტი საგარეო პოლიტიკის ზომების განხორციელება სჭირდება.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების პაქტის გაფორმებისას ევროკავშირთან კონსულტაციები არ ჩატარებულა.
ამასთან, ბორელმა სინანული გამოთქვა, რომ ავსტრალიამ წყალქვეშა ნავების მიწოდების მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა ფრანგულ კომპანიასთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ აშშ-ის შეთანხმება ავსტრალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან "კიდევ ერთხელ აჩვენებს პან-ევროპული მიდგომის აუცილებლობას სტრატეგიული ინტერესის რეგიონში".
ევროკავშირმა გამოავლინა შვიდი სფერო, სადაც აპირებს გაზარდოს თავისი გავლენა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში: ჯანმრთელობა, მონაცემთა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, გარემო, ვაჭრობა და ოკეანეების დაცვა.
ვარაუდობენ, რომ ახალი სტრატეგია ევროკავშირის დიპლომატიური სტატუსის ზრდასა და ჩართულობას განაპირობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საქმეებში, ასევე ინვესტიციების ზრდასა და ევროპული ძალების ყოფნას, მათ შორის ხომალდების გაგზავნას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.