ევროპარლამენტის ანგარიში არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომზე და უკანონო ოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებისას.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირველად ევროკავშირი ანგარიშში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ასახელებს, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის.
მინისტრის თქმით, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს (business as usual) არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულის თაობაზე მე ასევე მქონდა საუბარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან საგარო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც მათ მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე და ქმედითი მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი ქვეყნის მთელი დიპლომატიური სისტემა გააგრძელებს 24-საათიან ძალისხმევას, რათა საქართველოს თემა მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.