ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, - მიიჩნევს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის განმარტებით, ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სახალხო დამცველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.
"ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ავთენტურობაზე, ან არა ავთენტურობაზე, თუმცა, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე. „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც, რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელდასამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას.
"ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციაში, მათ შორის, განცხადებებში, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად წარმოაჩინეს ამ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. აშკარაა რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება", - აღნიშნავს ლილუაშვილი.