პირობას ვდებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუს-ს გავაუქმებთ - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ამასთან, ნიკა მელიამ მოუწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა.
"პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, იქნება ეს კგბ, სუკი, კუდი, სუსი თუ ჯანდაბა, გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ
ეს მოხდება 100% მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს.ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება!
დღეს არც მერია, არც არცერთი საკრებულოს ადგილი არაა ახლა საზოგადოების ფსონი - ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს მოსაგები, ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი. ხალხო! არა ნათელი, არა დიდი, არა დიადი - უბრალოდ ნორმალური მომავალი - სადაც არ გჩაგრავენ, არ გაშანტაჟებენ, ცხოვრებას არ გინგრევენ! დადგა დრო, ისტორიული გარდატეხის და ამ გარდატეხას მოვახდენთ ერთად!!! უკან დაარჩება ბნელი და გაიმარჯვებს ნათელი!" - აღნიშნა მელიამ.