საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში რაიონების წარმომადგენლობის გაუქმების თაობაზე ოპოზიციონერთა ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია.
"იყო მოთხოვნა, რომ რაიონების წარმომადგენლობა გაუქმნდეს და არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიებით მოხდეს კენჭისყრა. ამას ვერაფრით დავეთანხმები. დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, გარდა იმისა, რომ მაგალითად, სოფელ შამგონის მცხოვრებლებს იქ წარმომადგენელი დავაკარგვინოთ", - განაცხადა სოფელ შამგონაში მყოფმა სააკაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას.
მისი განმარტებით, აღნიშნული იდეა იმ პარტიებისგან მოდის, რომლებსაც "რუსთაველის გამზირის იქით არაფერი აინტერესებთ".
"რუსთაველის გამზირის პარტიებს აინტერესებთ მარტო ის, თუ რა ხდება რუსთაველზე და ტელესტუდიებში. ისინი ვირტუალური პარტიები არიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, სად არის შამგონა და რა პრობლემები აქვს ამ სოფელს. მარტო ლამაზად ლაპარაკი და კამერის წინ ყელის მოღერება იციან და უნდათ, რაიონებში მცხოვრებლები წარმომადგენლობის გარეშე დატოვოთ - ნურას უკაცრავად! საქართველო - ეს არის თითოეული რეგიონი, თითოეული რაინული ცენტრი, თითოეული სოფელი და უბანი", - განმარტა სააკაშვილმა.