ერთი შემთხვევა მაინც ახსოვს ვინმეს, ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები. ვიღაც ნაძირალა ცალკე რაღაცას თუ აკეთებდა, ნამდვილად არ ვიცი და დასასჯელი იყო. რომ გამეგო, ძალიან დავსჯიდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვის დროს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახლა დროა, გაერთიანდეს ყველა და გადაარჩინოს ქვეყანა, ქართული ტრადიციული ფასეულობები.
„მოსმენებს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი, ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან. მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით არ გამოუვიდა. მოწმე ვარ, ყოველთვის აღიზიანებდა ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. აქედან წარმოდგა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება.
იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ივანიშვილი აგრძელებს იმას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა ეკეთებინათო, მინდა, შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები. თუ ვიღაც ნაძირალა ცალკე რაღაცას აკეთებდა, არ ვიცი და დასასჯელი იყო, რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. მაგრამ ვინმეს გაუგია, რომ მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორები და ახლა არის რეალობა, რადგან ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად. ქვეყანაში ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, ქვეყნიდან გარბოდეს ხალხი და ყველაფერი მხოლოდ მას დარჩეს. ერთადერთი გზაა, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გვერდზე გადადოს ყველა განსხვავება, ყველა პირადი შუღლი, დაპირისპირება და ერთად შეცვალოს სიტუაცია, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, გადარჩენის რეჟიმში ვართ და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც.