პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა ოფიციალურად შესთავაზა.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანზიაციის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია, პირველ რიგში, გუშინ 15 პოლიტიკურ პარტიის შეხვედრასთან დაკავშირებით და ოფიციალურად ვთხოვე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვა," - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა რომ გადაწყვეტილების მიღება მაინც ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა მოხდეს. მისივე თქმით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ყველა შეხვედრას დაესწრებიან. ასევე ისინი მოიწვევენ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.
"მზად ავართ პირველივე დღიდან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიმუშაოთ რომ საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ამ დროისთვის ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით ყველა საკითხი და პრობლემა მოგვარებულია და იმედი მაქვს რომ ოთხშაბათს დაგეგმილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იქნება", - აღნიშნა ბაქრაძემ.