იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ - "მიუ" შტამის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული ვარიანტის ერთეული შემთხვევა უკვე მსოფლიოს 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
"დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა მისი ერთეული შემთხვევები, მათ შორის თურქეთში, რაც გახდა ის გარკვეული კითხვების საფუძველი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში "დელტა" ვარიანტი.
შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება ბოლომდე როგორც ინტერესის მუტაცია და არ გახდება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.621, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერძნული ანბანის ასოს სახელწოდება "მიუ" უწოდა, პირველად, 2021 წლის იანვარში, კოლუმბიაში გამოვლინდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიუ ვარიანტის გლობალური გავრცელება 0.1%-ზე დაბალია.
მიუ ვარიანტი ჯანმო-მ "საინტერესო ვარიანტთა" ნუსხაში 30 აგვისტოს შეიტანა.
სხვადასხვა კვლევის შედეგად, მიუ ვარიანტს აქვს მრავალი მუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მან ვაქცინის მიმართ რეზისტენტობა გამოავლინოს, თუმცა იუწყებიან, რომ ამ დასკვნის გასაკეთებლად უფრო მეტი სიღრმისეული კვლევაა საჭირო.
მიუ ვარიანტი გამოვლენილია სამხრეთ ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.