ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია კომბინატის დასახლებაში მხარდამჭერებს შეხვდა და ზუგდიდის განვითარების მისეული ხედვა გააცნო.
"ალბათ იფიქრებთ, წარმატებული ექიმი, რომელსაც პირველი წარმატებული კარდიოლოგიური კლინიკა აქვს, ყოველდღიუს საკვების ფულზე საზრუნავი არა აქვს, სად მოდის, აუტკივარ თავს რატომ იტკიებს. მოვედი თქვენი სიყვარულის გამო.
მე ზუგდიდში მივიღე განათლება, მაგრამ პირველ რიგში ოჯახმა, მეზობლებმა, სანათესაომ მომცეს კაცობა. სიყვარული ჩამინერგეს. მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სიყვარული კი არ ჩამინერგეს, არამედ მეზობლების, ნათესავების მიმართ.
მე ზუგდიდი მახსოვს ბედნიერი და ურთიერთობაც იყო ძალიან ლამაზი.
ყველა პაციენტი ჩემთვის პაციენტია - მე არ ვარჩევ რომელი პოლიტიკური სფეროდან არის ის. გვეუბნებიან, რომ ქუთაისიდან იაფი არის თვითმფრინავის ბილეთები და წადით. რა უქნეს ახალგაზრდებს, როცა გერმანიაში გაუშვეს სამუშაოდ და რა პირობებში აცხოვრებდნენ?! მთელი საქართველო გასულია საზღვარგარეთ და ოჯახებს ასე ინახავენ.
ჩვენ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანმა აქ იპოვოს საარსებო საშუალება და ოჯახს მიხედოს.
დღეს, ჩვენ ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ - ეს აწყობს რუსეთს, რომ საქართველო დააქუცმაცოს, ოჯახები მოსპოს და დააქუცმაცოს, გაანადგუროს. ჩვენ გვინდა საქართველო ისეთი, სადაც ყველა ჩვენგანი ბედნიერი იქნება.
ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს აღორძინება. მე ჩამოვედი თქვენი სიყვარულის გამო, რომ ყველას მოგეფეროთ, ყველას გაჩვენოთ, რომ ქალაქის მერი იქნება თქვენი ოჯახის მეგობარი, თქვენი ოჯახის დამხმარე და არასოდეს ზემოდან არ დაგიწყებთ ყურებას.
ახალგაზრდები შექმნიან ზუგდიდის დიდებას, ხანშიშესულ ხალხთან ერთად. ზიზღი, ურთიერთშუღლი, შური, უნდა დავივიწყოთ, ერთად უნდა დავდგეთ შევკრებ ახალგაზრდებს, ყველა ღირსეულს, არცერთს არ დავითხოვ, მე ვიქნები ყველას ქალაქის მერი" - აღნიშნა ანზორ მელიამ.