მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ მიგვიღია მსგავსი დაპირება, რომ ჩამოდის, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
მისი განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან დაძაბულობა შექმნის მცდელობა მოსალოდნელია.
„ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის და თავისი ნებით დათმო მოქალაქეობა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, აკეთოს რა განცხადებაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. რა თქმა უნდა, მისი განცხადების მოლოდინიც ეს არის ალბათ მისი მხრიდან, რომ დაძაბულობა შექმნას, თუმცა ფაქტი ერთია, საქართველოში ხალხი დაიღალა დაძაბულობით, აგრესიით, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, ჩატარდება თავისუფალი, დემოკრატიული და საკმაოდ ღია პროცესის გათვალისწინებით, იმ ახალი პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით განვახორციელეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ამიტომ არჩევანი იქნება მოსახლეობის, რომელსაც მიიღებს ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ არა“, – განაცხადა კუჭავამ.