ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება.
„ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს. საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.
ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაცია მეტად დაჩქარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.