მინსკის სასამართლომ ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს მარია კალესნიკავასა და მაქსიმ ზნაკს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კალესნიკავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მაქსიმ ზნაკს - 10 წლით.
მარია კალესნიკავა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტის ვიქტარ ბაბარიკას საარჩევნო შტაბის კოორდინატორი იყო. ბაბარიკას დაკავებისა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კალესნიკავა პრეზიდენტობის კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიას გუნდს შეუერთდა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მაქსიმ ზნაკი ბაბარიკას შტაბში იურისტად მუშაობდა.
მინსკის რაიონულმა სასამართლომ კალესნიკავასა და ზნაკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა 4 აგვისტოს დაიწყო.
მარია კალესნიკავა გასული წლის 8 სექტემბერს დააკავებს ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე.
მარია კალესნიკავასა და მაქსიმ ზნაკს ბრალად ედებათ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საჯარო ქმედებებში მონაწილეობა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულების მოწყობა, ასევე ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა.
გასული წლის 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა, ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი დემოკრატიული არჩევნების დანიშნვას მოითხოვს.
საპროტესტო აქციების ფონზე, ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას მხადამჭერებმა შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ფართო საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭო არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ლუკაშენკას რეჟიმი სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, უფლებადამცველებსა და პოლიტიკოსებს. დაკავებულია ასეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი.