"თალიბანი" ქალებს, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლობენ, მეცადინეობების დროს ნიქაბების ტარებას ავალდებულებს. ნიქაბი თავსაბურავია, რომელიც ფარავს სახეს და მხოლოდ თვალები ჩანს.
დასავლური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თალიბებმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მიიღეს.
ამასთან, ლექციები და გაკვეთილები კაცებისა და ქალებისთვის ცალ-ცალკე ჩატარდება. თუ ეს არ ხერხდება, შენობის ის ნაწილი, სადაც სტუდენტი გოგონები იქნებიან, ფარდით უნდა გადაიტიხროს.
თალიბების განკარგულებით, გოგონებს ქალმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ, ან ხნიერმა კაცებმა, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ.
ამის გარდა, მოძრაობა "თალიბანი" მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებში ქალებისთვის სხვა შესასვლელი არსებობდეს. ასევე, მათი დავალებით, მიღებული უნდა იყოს ზომები, რათა ორივე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთთან არ გადაიკვეთონ ლექციებისა და შენობაში შესვლა-გამოსვლის დროს.
ავღანეთში, კერძო კოლეჯები და უნივერსიტეტები, სადაც ქალები დაიშვებოდნენ, აქტიურად ვითარდებოდა 20 წლის განმავლობაში - ქვეყანაში საეთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის პირობებში.
დღეს კი თალიბებმა უნივერსიტეტებში დასწრების წესები ქალებისთვის უფრო მეტად გაამკაცრეს: მაგალითად, ბოლო წლებში ქაბულში ნიქაბებს თითქმის არავინ ატარებდა. ასეთი ტიპის თავსაბურავები გავრცელებული იყო ძირითადად ავღანეთის ცალკეულ სოფლებში.
ამასთან, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თალიბები 1990-იანი წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან შედარებით, დათმობაზე წავიდნენ. მაშინ ქალებს უმეტსად არა მხოლოდ ნიქაბების, არამედ ბურქების ტარება უწევდათ. 90-იან წლებში მათ მხოლოდ საბაზო განათლების მიღების უფლება ჰქონდათ და ეკრძალებოდათ სახლიდან გასვლა ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე.