ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„დღეს ორი წელი გავიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ფიქსირდებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული, ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას, დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაკვეთის ყველა პუნქტის გახსნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში“, - აღნიშნულია დიპლომატის განცხადებაში.