საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტში პროფსასწავლებლების დაფინანსების შემცირებას აპროტესტებს.
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, განათლების სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტში პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება 3 მილიონით მცირდება. აღნიშნული უამრავი პროფესიული დარგის სპეციალისტის უმუშევრობას გამოიწვევს.
"პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების შემცირება მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან პროფესიული სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შევეცდები გავარკვიო ეს შემცირება, რამ გამოიწვია. გაუგებრობაა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, თუ საკითხისადმი ორმაგ მიდგომასთან გვაქვს საქმე," - აღნიშნა ახვლედიანმა.
კომიტეტების სხდომა პარლამენტში უკვე დაიწყო. სხდომაზე სიტყვით გამოვა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი და კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე ინფორმაციას მიაწვდის.