ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადების საპასუხოდ თქვა.
„შარლ მიშელის დოკუმენტი შედგენისთანავე იყო მკვდრად შობილი, ის იყო ივანიშვილის და მისი ლობისტების კარნახით დაწერილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია და ჰგონია, რომ პუტინისგან გამოგზავნილი რუსი ოლიგარქი უცბად გახდება კრავი და დემოკრატიული პროცედურებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს.
ვფიქრობ, ჩვენ პრაგმატულად უნდა შევხედოთ რეალობას – არავითარი მიშელის დოკუმენტი, არავითარი ხელმოწერა, ველოდებით ჩვენ ამერიკის მთავრობისგან პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და ეს ყველაფერს გარდატეხავს, ეს გარდაქმნის ჩვენს დემოკრატიას იმ მიმართულებით, რაზედაც ვფიქრობ, ბატონი რიში და შარლ მიშელი ოცნებობენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - ამბობს ის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ მისი პარტია ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას უერთდება. ამის მიზეზი „ქართულმა ოცნების“ განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის 75 მლნ ევროიან მაკროფინანსური დახმარებას არ მიიღებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი უშუალო მედიაციის შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და მიზეზად ის პუნქტი დაასახელა, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტიას გულისხმობს.
2021 წლის 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება დატოვა და ანულირებულად გამოაცხადა. მმართველ პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.