დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - ამბობს ის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ მისი პარტია ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას უერთდება. ამის მიზეზი „ქართულმა ოცნების“ განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის 75 მლნ ევროიან მაკროფინანსური დახმარებას არ მიიღებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი უშუალო მედიაციის შედეგად, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და მიზეზად ის პუნქტი დაასახელა, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტიას გულისხმობს.
2021 წლის 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება დატოვა და ანულირებულად გამოაცხადა. მმართველ პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.