ზურაბიშვილმაც კი ჩათვალა საჭიროდ დისტანცირება - ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნისთვის საზიანო სპირალში ღრმად არის შესული". - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
"მე არ ვარ მიუკერძოებელი, როდესაც ზურაბიშვილის ფიგურაზეა საუბარი, მისი პოლიტიკური რეპუტაციის გამო, მისი საქციელის, განცხადებების გამო - რუსეთთან ომში საქართველოს დადანაშაულებაზე, ნატოს წვრთნების გაპროტესტებაზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდა მისი არჩევნები, მთელი ამ წლების განმავლობაში მის პოზიციაზე... ძალიან არაპოზიტიურად მიკერძოებული ვარ, მაგრამ მგონია, რომ მინიმუმ, ისეთ სპირალშია შესული ივანიშვილის რეჟიმი ღარიბაშვილის სახით, როცა ეს ფიგურა აირჩიეს და ეს ფრთა, რომ ზურაბიშვილისნაირი ფიგურაც კი აუცილებლად თვლის, რომ დააფიქსიროს დისტანცია - საკუთარი რეპუტაციისთვის, ევროპაში მომავლისთვის, საღი აზრის ფარგლებში.
თვითმიზნად არ მაქვს პოლიტიკური შეურაცხყოფა დასახული, მაგრამ ზურაბიშვილიც კი რომ ჩათვლის, რომ დისტანცირება საჭიროა, ესე იგი, რამდენად ღრმად არის შესული ქვეყნისთვის საზიანო სპირალში ივანიშვილის რეჟიმი", - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ სესხის მიღებაზე უარი გაუგებარი ნაბიჯია და "ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება".