“ქართულმა ოცნებამ” სასამართლო არათუ გააუმჯობესა, არამედ იმაზე უფრო მძიმე ვითარებაში შეიყვანა, ვიდრე წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო, - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
მისივე განმარტებით, ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან გამოგონილი რეალობა, რომლისაც თავადაც არ სჯერათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ სჭირდებათ საკუთარი დემორალიზებული ამომრჩეველი დაარწმუნონ.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ის მოსამართლეები და მანკიერებები, რაც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა, ადგილზე დატოვა.
"ეს ხალხი უვადოდ დანიშნა. ეს არის რეალობა, დანარჩენი ღარიბაშვილის ფანტანზიებია. რატომღაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ესმით, რას ნიშნავს დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობა და ურთიერთოების კულტურა. ვიოლა ფონ კრამონი თავის თავს უფლებას არასოდეს არ მისცემს, რომ თავი ვინმეს უფროსად წარმოუდგინოს, მაგრამ ღარიბაშვილის თავი მუშაობს ასე – ან ქვემდგომი უნდა ჰყავდეს, ან უფროსი, მას თანასწორებთან და პარტნიორებთან კულტურული პოლიტიკური მუშაობა არ წარმოუდგენია. ევროკავშირი რუსეთისგან განსხვავებით, დიქტატორულ მითითებებს არ იძლევა. ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებებს დაეხმაროს, ისეთი სახელმწიფო შეიქმნას, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს დაეხმარება. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმაზე უარის თქმით ევროკავშირს კი არ მიაყენა ზიანი, არამედ საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, არ ექნებათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა თქვენ დაგჩაგრავთ, უწყება არ იქნება, სადაც მისვლას და უფლებების დაცვას შეძლებთო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.