"თალიბანის" მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, სხვადასხვა მწვავე საკითხთან ერთად, აქტუალური გახდა ამერიკული შეიარაღება, რომელიც ექსტრემისტული მოძრაობის წევრებმა ჩაიგდეს ხელში.
სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ ათვალიერებენ "თალიბანის" მებრძოლები ამერიკულ შეიარაღებას, ზოგიერთ მათგანი უკვე აღიჭურვა კიდეც უახლესი იარაღით.
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელებმა ავღანეთში 73 თვითმფრინავი, თითქმის 100 ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა აღჭურვილობა დატოვეს. მაგრამ როგორც შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის უფროსმა გენერალმა კენეტ მაკენზიმ თქვა, რომ იარაღის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ის თავად განგებ დააზიანეს.
"ეს თვითმფრინავები აღარასდროს იფრენენ", - თქვა მაკენზიმ.
ქაბულში მიტოვებულ თვითმფრინავებს შორის არის:
MD-530 ვერტმფრენები, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობისა და ახლო მანძინლზე შეტევისთვის გამოიყენება;
A-29 - მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავები.
ჯერ კიდევ ივნისში, ავღანეთის შეიარაღებული ძალები ფლობდა 43 ერთეულ MD-530 ვერტმფრენსა და 23 ერთულ A-29 თვითმფრინავს, რომელიც მათ ამერიკისგან გადაეცა.
A-29 ტიპის თვითმფრინავის ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტია (ერთეულის ფასი).
გენერალ მაკენზის განცხადებით, ავღანეთში ასევე დარჩა 70 ჯავშანტექნიკა (MRAP), რომელიც აღჭურვილია ნაღმებისგან გაძლიერებული დაცვით. მისივე თქმით, ამერიკელებმა ქაბულის დატოვებამდე ეს ტექნიკაც დააზიანეს.
ერთი MRAP ტიპის ჯავშანტექნიკის ღირებულება 500 000-დან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
ქაბულში ასევე დარჩა:
27 ერთეული Humvee - ყველგანმავალი სამხედრო მანქანა;
კონტრ-სარაკეტო და საარტილერიო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობის დაუზუსტებელი რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, ნათელია, რომ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, "თალიბანის" კონტროლის ქვეშ გადავიდა, ავღანეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სულ მცირე 33 ერთეული UH-60 Black Hawk ვერტმფრენი.
გარდა ამისა, 2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით, ამერიკამ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცა 2 500 ერთეული Humvee - ყველგანმავალი სამხედრო მანქანა, რომლის ერთეულის ფასი დაახლოებთ 250 000 დოლარია. დიდი ალბათობით, ისინიც თალიბანის ხელშია.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ "თალიბანისთვის" უზარმაზარი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს ღამის ხედვის სათვალეებს, რომელიც მათ ჩაუვარდათ ხელში. 2003-2021 წლებში ავღანეთმა ამერიკისგან 16 000 ერთეული ღამის ხედვის სათვალე მიიღო.
სამხედრო ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული მონაცემები არ იყოს ზუსტი და განსხვავდებოდეს იმ რაოდენობისგან, რაც რეალურად ხელში ჩაუვარდა "თალიბანს".