ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა", რომელმაც ცოტა ხნის ავღანეთი დაიპყრო, ხელში ჩაიგდო ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ მიტოვებული აურაცხელი ოდენობის ამერიკული იარაღი და აღჭურვილობა.
ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ ათვალიერებენ "თალიბანის" მებრძოლები ჯავშანტექნიკას, ახალ ცეცხლსასროლ იარაღებს, საკომუნიკაციო საშუალებებსა და სამხედრო დანიშნულების დრონებს.
"ყველაფერი, რაც არ განადგურებულა, ახლა თალიბანს ეკუთვნის", - განაცხადა სააგენტო Reuters-თან საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.
შეერთებული შტატების ამჟამინდელი და წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას, რომ ეს იარაღი თალიბანმა შესაძლოა სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენოს, გადასცეს სხვა შეირაღებულ დაჯგუფებებს ან რუსეთსა და ჩინეთს.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად შეშფოთებულია ამ საკითხით და განიხილავს რა შეიძლება გაკეთდეს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ დაზვერვა ფიქრობს, რომ თალიბანი დაეუფლა 2 000-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს, მათ შორის ამერიკულ Humvee-ს, და 40-მდე საფრენ აპარატს, მათ შორის Black Hawks-ის ტიპის ვერტმფრენებს, სადაზვერვო მოიერიშე ვერტმფრენებსა და ScanEagle-ის ტიპის სამხედრო დრონებს.
"ჩვენ უკვე ვნახეთ ამერიკული იარაღით შეიარაღებული თალიბანის მებრძოლები, რომლებიც ავღანეთის ძალებს წაართვეს. ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს და ჩვენს მოკავშირეებს", - თქვა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა.
2002 წლიდან 2017 წლამდე შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის არმიას მიაწოდა თითქმის 28 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი.