ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს, ასე თუ გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. პლატფორმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და ურჩია, კარგად გაიაზრონ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ყველა სფეროში და არჩევანიც ისე გააკეთონ.
"მივაღწიეთ იმას, რომ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური, ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია, მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ მოკავშირეებს იმედგაცრუება ჯერ გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისთვის, რათა ჩვენ მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მარტო. და ვინ მოიგებს ამით, მშვენივრად გესმით...
ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს – ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს.
ამიტომ მთელი პროტესტი, რაც დაგიგროვდათ, მთელი გაღიზიანება, კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული, ძალიან გთხოვთ, მოდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ ჯადოსნურ წრეში რაზეც დავდივართ 30 წელი“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.