"თალიბანი" ნებას დართავს ავღანელ ქალებს, უნივერსიტეტში სწავლა განაგრძონ. იტყობინება ავღანური ტელეკომპანია TOLO News-ი, "თალიბანის" მიერ დანიშნული უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ ბაკი ჰაქანზე დაყრდნობით.
აბდულ ჰაქანის განცხადებით, ქალებს აქვთ განათლების მიღების უფლება, თუმცა კაცებისგან განცალკევებით. უნივერსიტეტებში ქალები და კაცები სხვადასხვა აუდიტორიაში ისწავლიან.
მისივე თქმით, "თალიბანი" ქალი სტუდენტებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს.
ჰაქანმა ასევე პირობა დადო, რომ ავღანეთში უნივერსიტეტები მალე გაიხსნება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და თანამშრომლებს ხელფასს გადაუხდიან.