ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" ცნობილი ავღანელი მომღერალი და კომპოზიტორი ფავად ანდარაბი, რომელმაც სახელი ავღანური ფოლკლორის შესრულებით გაითქვა, მოკლა. ამის შესახებ შაბათს, 28 აგვისტოს, მუსიკოსის ახლობლებმა ტელეარხ Times Now- ს განუცხადეს.
მუსიკოსის ახლობლების ინფორმაციით, ანდარაბი ბაღლანის პროვინციაში მდებარე სახლიდან "თალიბანის" მებრძოლებმა გაიყვანეს და ქუჩაში დახვრიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფავად ანდარაბი თავის ნაწარმოებების ტექსტებში "თალიბანის" საწინააღმდეგო შინაარს იყენებდა.
ანდარაბის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაადასტურა ავღანეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მასუდ ანდარაბიმ.
"თალიბანის სისასტიკე ანდარაბში (ქალაქი ბაღლანის პროვინციაში) გრძელდება. დღეს მათ სასტიკად მოკლეს სახალხო მომღერალი ფავად ანდარაბი, რომელიც სიხარულს გვრიდა ამ ხეობას და მის მოსახლეობას", - დაწერა მან "ტვიტერზე".
ყოფილი მინისტრის თქმით, ანდარაბი თავის სიმღერებში მღეროდა, რომ მისი სამშობლო წინ აღუდგებოდა თალიბანის სისასტიკეს.